17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლიდნენ.
პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსი მიმდინარეობდა პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.
- პირველი ადგილი – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ლაშა კოტორაშვილი;
- მეორე ადგილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თაია ბუაჩიძე;
- მესამე ადგილი – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე მერებაშვილი.
გამარჯვებულებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები მოიპოვეს.
INTEGRITY ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტი, რომლის კოორდინატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხორციელდება თორმეტ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან, წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
სწრაფი ბმულები
პროექტის პარტნიორების სია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/fpkdt
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ.: http://bit.do/fpkdL
ფინალისტების სია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/fuwNR