5 ოქტომბერს პროექტის Integrity ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ.
კონფერენციაში, რომელიც Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში Integrity“ დასკვნითი ღონისძიება იყო, მონაწილეობდნენ ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები.
კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ გახსნა. შემდეგ საქართველოში აკრედიტებული 12 უმაღლესი სასწავლებლის რექტორებმა და უფლებამოსილმა პირებმა აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას მოაწერეს ხელი. პროექტის ფარგლებში შემუშავებული დეკლარაციის ხელმოწერით ინსტიტუციებმა გამოხატეს მზაობა უზრუნველყონ აკადემიური კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვა სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა განიხილეს აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი, ერთმანეთს გაუზიარეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის საუკეთესო პრაქტიკა და რეკომენდაციები.
პროექტის მიღწევები
პროექტის ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომელობითა და მათი ჩართულობით პროექტის პარტნიორ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
- პროექტის ფინანსური რესურსით დაინერგა უნივერსიტეტებში პლაგიატის დეტექციის ელექტრონული სისტემა – ორი წლის განმავლობაში აღნიშნული სისტემით შემოწმდა 365 000 ნაშრომი;
- გადამუშავდა აკადემიური წერის კურსის კურიკულუმი – სულ ცვლილებები განხორციელდა ოცდასამ სასწავლო კურსში სწავლების სამივე საფეხურზე;
- საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხერხდა აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა და რედაქტირება, რომელშიც დეტალურად გაიწერა აკადემიურ სივრცეში პლაგიატის პრევენციის, დეტექციისა და მასზე რეაგირების მექანიზმები;
- გადამზადდა 800-მდე აკადემიური პერსონალი, რომელიც ამ ორი წლის მანძილზე 2600-ზე მეტ სასწავლო კურსს უძღვებოდა;
- სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა რამდენიმე ათეული ღონისძიება, კონკურსი, შეიქმნა მულტიმედია რესურსები, რომელთა დახმარებითაც 50 000-ზე მეტ სტუდენტს შორის გავრცელდა ინფორმაცია.
პროექტის შესახებ
საბოლოო კონფერენციის ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – https://fb.watch/2j3agLITJU/
პროექტის შესახებ: https://cutt.ly/IgwG5ve
პროექტის მიზნები: https://cutt.ly/NgwHwgH
პროექტის პარტნიორები: https://cutt.ly/2gwG3wb