2021 წლის 9 და 10 ივლისს პროექტ INTEGRITY-ის სამუშაო ჯგუფის ძირითადი წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეწვივნენ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას. ვიზიტის მიზანი იყო პროექტის დასრულების შემდეგ შედეგების მდგრადობის კომპონენტის მონიტორინგი და პარტნიორ უნივერსიტეტებში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები Turnitin-ის გამოყენების პრაქტიკის გაზიარებისა და პროგრამის ახალი ფუნქციების გაცნობის მიზნით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილმა დისკუსია გამართა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვის ხელშეწყობასა და გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა სტუდენტებში პლაგიატის წესების დარღვევის მიზეზებზე.
ვიზიტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა INTEGRITY პროექტის ფარგლებში მეორე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების დეტალები. კონფერენციას „Challenges of Emergency Remote Learning – Academic Misconduct in Higher Education“, რომელიც 2021 წლის 16 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.