5 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ელექტრონული სასწავლო პლატფორმა Moodle-ის დანერგვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა (workshop) გაიმართა პილოტირებისთვის შერჩეული საგნების აკადემიურ პერსონალთან. სამუშაო შეხვედრა დატვირთული იყო პრაქტიკული ნიმუშების ჩვენებით, თუ როგორ უნდა შეიქმნას კურსი, დარეგისტრირდნენ სტუდენტები და გაიმართოს ელექტრონული სასწავლო სისტემა.
კავკასიის უნივერსიტეტი ჩართულია ერაზმუს + პროექტში – აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY). ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტში ჩართული კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები.
პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია პლაგიატის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია ქართულ უნივერსიტეტებში, რაც განხორციელდება სპეციალური ანტი-პლაგიატიზმის პროგრამის ინტეგრირებით არსებულ ელექტრონული სწავლების პროგრამა- Moodle-თან.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სკოლებთან კონსულტაციის შედეგად პირველ ეტაპზე შეირჩა 17 საგანი, რომელიც ითვალისწინებს ერთზე მეტ წერით დავალებას. სემესტრის განმავლობაში შერჩეული საგნების ფარგლებში მოხდება სწავლების უფრო ინტერაქციული და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვა, ასევე სპეციალური პროგრამის მეშვეობით პლაგიატიზმის პრევენცია და აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობა.
შერჩეულ საგნებში ელექტრონული სასწავლო პლატფორმის დანერგვასთან დაკავშირებით, დამატებით გაიმართება ტრენინგი სტუდენტებისთვის, რათა მაქსიმალურად მოხდეს სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და გათავისება სამუშაო პროცესში.