10 იანვარს პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსში მონაწილეობისთვის ნამუშევრების მიღება დასრულდა. კონკურსში 140 ნამუშევარი შემოვიდა. მიმდინარეობს ნამუშევრების გადარჩევა. ფინალისტების სია 27 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდება. ფინალისტებს შორის გამარჯვებულებს კი ჟიური 17 თებერვალს გამოავლენს პლაგიატის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულზე.
პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.
INTEGRITY ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტი, რომლის კოორდინატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხორციელდება თორმეტ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან, წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
პროექტის პარტნიორების სია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/fpkdt
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ.: http://bit.do/fpkdL