INTEGRITY პროექტის სამუშაო შეხვედრა პლაგიატის საუნივერსიტეტო პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებისათვის

2019 წლის 30-31 იანვარს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.

შეხვედრის შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ერთობლივად მოამზადეს პროექტში ჩართულმა ევროპელმა პარტნიორებმა, მოიცავდა პლაგიატის საუნივერსიტეტო პოლიტიკის განსაზღვრას, რომელიც უნდა აისახოს შესაბამის დოკუმენტებში. ტრენინგზე დეტალურად განიხილეს უნივერსიტეტის იმ სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პრინციპები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებასა და აღსრულებაზე. პროექტში ჩართული ცამეტი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე შეიმუშავებს პლაგიატის წესს, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს.

პროექტის შესახებ:

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ”INTEGRITY” მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები:

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალის უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  • ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  • დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)