23 ივნისს ბათუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მეორე კონფერენცია „აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლება საგანგებო სიტუაციის დროს“. კონფერენცია პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) დისემინაციის ყოველწლიური აქტივობაა.
კონფერენცია გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. კონფერენციის ძირითადი თემა იყო პანდემიის პირობებში შექმნილი საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ვითარება, ონლაინსწავლების პროცესი და მათ ჭრილში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები.
წარმოდგენილი მოხსენებები გაერთიანდა რამდენიმე პანელში:
- სტუდენტების მოტივაცია ონლაინსწავლების დროს;
- სწავლის შედეგების შეფასება;
- აკადემიური პრინციპების დარღვევა;
- უცხო ენის სწავლების სპეციფიკა.
კონფერენციას განათლების სამინისტროსა და ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად დაესწრო 15 ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, 40-მდე მომხსენებელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით კონფერენციას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო პროფესორი მაილს ბერი როეჰემპტონის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).
2022 წელი