8 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრმა უმასპინძლა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ეთიკური პრინციპები განათლებაში“.
კონფერენცია დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპები უმაღლეს განათლებაში და აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპები სწავლებაში. მონაწილეები დაესწრნენ აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელის პანელურ დისკუსიას „ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში“, რომლის ონლაინჩართვაც ექსკლუზიურად განხორციელდა.
ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში ახალი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრას.
ყოველწლიურ კონფერენციას საფუძველი ჩაეყარა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში.
წელს კვლევის საკითხების აქტუალობა განაპირობა მიმდინარე საერთაშორისო პროექტმაც „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში!“ (ETHICS).
კონფერენცია, რომელიც ყოველ წელს ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მასპინძელი უნივერსიტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტით მიღწეული შედეგების მდგრადობასა და განვითარებას.
2024